იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
სიახლეები
მაესტრო გურამ ყურაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
20.04.2021
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანლისა და მთავარი დირიჟორის, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატის გურამ ყურაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
 
გურამ ყურაშვილის წარმატებული შემოქმედებითი გზა აფხაზეთიდან დაიწყო. ის ჯერ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა 1981 წელს ქ. სოხუმში მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელის ჩამოყალიბება ანდეს.
 
გურამ ყურაშვილის გუნდმა, რომელშიც 12 ეროვნების 70 მოსწავლე გაერთიანდა, მალე მოიპოვა ლიდერობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიერკავკასიის მუსიკალურ (1983 წ.) და ქ. გორის საგუნდო (1987-88 წწ.) ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების შემდეგ მისი საშემსრულებლო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. 1987-1988 წლებში უნგრეთში, ქ. კომლოში ზოლტან კოდაის სახელობის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი მოიპოვა.
 
1988 წელს, კვლავ უნგრეთში, ქ. დებრეცენში, ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე, აფხაზეთის ბავშვთა კაპელამ მასპინძლებთან პირველი ადგილი გაიყო და ოქროს მედალი დაიმსახურა. სოხუმელებმა დაჩრდილეს 64 ქვეყნის საგუნდო კოლექტივი, გურამ ყურაშვილს, როგორც საუკეთესო დირიჟორს, ოქროს მედალთან ერთად ფულადი პრემიაც გადაეცა...
აფხაზეთის ბავშვთა კაპელა საშემსრულებლო ხელოვნების ახალ–ახალ მწვერვალებს იპყრობდა, როცა მისი არსებობა აფხაზეთის ტრაგედიამ შეწყვიტა...
 
1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „,ბარბერ-შოფ“. 1998-2004 წლებში ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში მონაწილეობს.
 
2005 წლიდან გურამ ყურაშვილი ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და 2007 წელს აყალიბებს აფხაზეთის ახალგაზრდულ კამერულ გუნდს, რომელმაც სოხუმის ბავშვთა გუნდის ტრადიცია „გაიმეორა“: მისი პირველი ტრიუმფი 2008 წლის ივლისში ისევ უნგრეთის ქ. დებრეცენში, ბელა ბარტოკის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე შედგა. აქ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელაც გამოარჩიეს. მას „ვარსკვლავი აფხაზეთიდან“ უწოდეს.
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აფხაზეთის მკვიდრთათვის რთულ პერიოდში, გურამ ყურაშვილი და მის მიერ შექმნილი ახალგაზრდული კაპელა ისევ წარმატებული დაბრუნდა ევროპიდან.
 
აფხაზეთის საგუნდო კაპელა მალე ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო, განსაკუთრებული ხმის კოლექტივად იქცა, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.
 
მაესტრო გურამ ყურაშვილმა თავისი განსაკუთრებული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე.
ძალიან დასანანია, რომ მაესტრო გურამ ყურაშვილს ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, რომელსაც ახლა სწორედ მისი სახელობის კაპელა აგრძელებს.