იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
სიახლეები
საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ხსოვნას
11.12.2017

აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას იმედიანად შემძახებელი კაცი დააკლდა, აფხაზეთს კი ერთი ჭირისუფალთაგნი.


67 წლის ასაკში, ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი, „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზის მფლობელი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თატრის წამყვანი მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ათეულობით წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.


დიმიტრი ჯაიანი დაიბადა 1950 წელს სენაკში, პედაგოგების ოჯახში. სენაკის საშუალო სკოლის ოქროსმედალოსანი ჭაბუკი ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარულმა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა, სადაც მან სამსახიობო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

 
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მისმა რექტორმა ილია თავაძემ და ლეგენდარულმა საშა მიქელაძემ (როგორც მას დიმა ჯაიანი მოიხსენიებდა) რუსთავში განაწილებულ დიმიტრი ჯაიანს მოულოდნელად სოხუმში წასვლა შესთავაზეს. როგორც ჩანს, გამჭრიახი გონების ადამიანები უკვე მაშინვე გრძნობდნენ დიმიტრი ჯაიანის ხასიათის განსაკუთრებულ შტრიხებს - შეუპოვრობასა და სიმტკიცეს, რომელიც აფხაზეთში ეროვნული იდეების სათავეებთან მდგარ სოხუმის თეატრს განსაკუთრებით სჭირდებოდა. ამ დღიდან დიმიტრი ჯაიანის ცხოვრება და საქმიანობა განუყოფელი ნაწილი გახდა აფხაზეთის კულტურული ცხოვრებისა, რომელსაც მან გაუხუნარი და წარუშლელი ფურცლები შემატა.


პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, უმშვენიერესი ქართველი რაინდის დარი გარეგნობის პიროვნება, გამოკვეთილი ინდივიდუალობისა და ცხადი თვითმყოფადობის მქონე მსახიობი, ასეთი უყვარდათ და ეძვირფასებოდათ დიმიტრი ჯაიანი იქ სოხუმში თუ მერე აქ, თბილისში შეძენილ ერთგულ მაყურებლებს. მის მიერ განსახიერებული საინტერესო და მრავალფეროვანი სახეებიც სოხუმსა თუ თბილისში: მეფე გიორგი, ჰოკონ ჰოკონსენი, ელიზბარ ერისთავი, ოთარ-ბეგი, კორიოლანოსი, ზურაბი, ლადო ასათიანი… მკვეთრი ქართული სათქმელით იყო აღბეჭდილი და ქართული თეატრის საგანძურში დარჩება მარად. მისი ხელოვნება აღიარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, სადაც სოხუმის თეატრს მრავალჯერ წარმოუდგენია სპექტაკლები გასტროლებსა თუ საერთაშორისო ფესტივალებზე.


დიმიტრი ჯაიანი იყო უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა, რაც ძალიან ეამაყებოდა. სცენიდან ხშირად აცხადებდა კიდეც, რომ მას სოხუმის თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავნია. ამბობდა, რომ სოხუმის თეატრი კაცების თეატრი იყო, ისევე როგორც თავად სოხუმი იყო კაცების ქალაქი. თქვენ გამიგებთ, რასაც ვგულისხმობო, დასძენდა და არაერთ ნათელ სახეს ჩამოთვლიდა. ახლა ყველასთვის საცნაური ხდება, რომ იმ კაცთაგან ერთ-ერთი თავად იყო. 


სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც განგებამ მასვე დააკისრა იმ უმძიმეს პერიოდში, როცა ყოველდღიურობის თანამდევი პრობლემაც მრავლად იყო.


ცალკე უნდა აღინიშნოს დიმიტრი ჯაიანის როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. აქ მუშაობისას განსაკუთრებულად გამოიკვეთა მისი მენეჯერული ნიჭიც. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე და თავისებური ხიბლი შესძინა აფხაზეთიდან დევნილი კულტურული კოლექტივებისა და ხელოვანების შემოქმედებით საქმიანობას. ღირსეული კვალი გაავლო ამ თვალსაზრისითაც. მასზე კიდევ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ისედაც ბევრს ამბობს მის მიერ განვლილი ცხოვრება, რომელზეც ხვალ კიდევ უფრო მეტი ითქმება. 


ბოლო წლებში ცნობილი ქართველი პოეტების შემოქმედებაში საგანგებოდ არჩევდა თითქოს იმედითა და შემართებით სავსე ლექსებს, რომელიც ქართველ მაყურებელს, დევნილ თუ არადევნილ საზოგადოებას დადებითად მუხტავდა და მომავლისადმი იმედით განაწყობდა. ამიტომაც იყო, რომ შოთა ნიშნიაძის ლექსი „აფხაზური კანტატა“ მისთვის ერთგვარ საპროგრამო ლექსად იქცა. „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“, უდიდეს დატვირთვას სძენდა ამ სტრიქონებს, რომელიც თითქოს გაღმა დარჩენილ აფხაზებსაც ეკუთვნოდა და ამ შეძახილით მათაც აწვდენდა ხმას. 


მაყურებელი თავად იყო მოწმე, როგორ იწვოდა დიმიტრი ჯაიანი სცენაზე და ბევრს უკვირდა კიდეც, როგორ უძლებდა ამდენ ემოციას, ამდენ გულწრფელობას მისი მტკივნეული გული. ის სცენაზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და ბოლომდე მიჰყვებოდა მაყურებელიც, რომელსაც მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომაც იმატა კიდევ უფრო წლების შემდეგ მისი გამოსვლისას ტაშმა და ოვაციებმა.


დიმიტრი ჯაიანს ბოლო პერიოდში განსაკუთრებული გულჩვილობა დასჩემდა, ცრემლების გარეშე ვერ ლაპარაკობდა ვერც სევდიან და ვერც კარგ ამბებზე. ახლაღა ვხვდებით, რომ ეს ერთგვარი წინათგრძნობა იყო, ერთგვარი სინანული ნაადრევად გასვლისა ამ წუთისოფლიდან, სადაც ჯერ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი. 


დღეს მას მიჰყვება თითოეული ჩვენგანისა და ურიცხვი გულშემატკივრის ცრემლები.


მსუბუქი იყოს მისთვის მისი უსაყვარლესი სამშობლოს მიწა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 
განათლებისა და კულტურის სამინისტრო